ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები არსებობს

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები არსებობს

ადვოკატ გიორგი გელხაურს აინტერესებს, რატომ დაუჯერა პროკურატურამ მოწმის ერთ ჩვენებას, როდესაც მისი თქმით, გურამ ამირხანაშვილის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები არსებობს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“გამოკითხვის ოქმში გურამ ამირხანაშვილი საუბრობს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც შეხვდნენ მცხეთასთან არსებულ ხიდთან. არის კიდევ მეორე ჩვენება, რომელშიც გურამ ამირხანაშვილი ამბობს, რომ მის მიმართ იძულებას ადგილი არ ჰქონია. მას ჰქონდა შეთავაზება, რომ შეეძლო დარჩენა - ანუ რასთან გვაქვს საქმე - არის არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება - რომელ ჩვენებას ვუჯერებთ? რატომ დაუჯერა პროკურატურამ იმ ჩვენებას, რომელშიც ის ამბობს, რომ თითქოს იძულებით წაიყვანეს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

დაკავებულთაგან 6 არასრულწლავონია, რის გამოც, სხდომა დახურულია.

27 ივნისს პროკურატურამ ჩვიდმეტივე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

26 ივნისს საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.