არჩილ თალაკვაძე: შალვა ნათელაშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე განცხადებით საბოლოოდ აიხსნება, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი ცვლილებას

არჩილ თალაკვაძე: შალვა ნათელაშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე განცხადებით საბოლოოდ აიხსნება, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი ცვლილებას

ძველი ოპოზიციის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩაგდებასა და საკონსტიტუციო ცვლილებების ბლოკირებაზე გაკეთებული განცხადება უკვე მეორეა, რითაც საბოლოოდ აიხსნება, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებასა და ახალ საარჩევნო სისტემას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას.

„იკვეთება, რომ ეს არის კოორდინირებული და თუ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან მკაფიო განცხადებები არ გაკეთდება, ემიჯნებიან თუ არა „საარჩევნო სისტემის ჩაგდების“ გეგმას, ჩავთვლით, რომ ეს სწორედ მათი გეგმაა. ამ ფონზე, ჩვენი პირობა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებისას დავდეთ, რომ მხარი დავუჭიროთ და დავამტკიცოთ საკონსტიტუციო ცვლილებები - ძალაშია და ორშაბათს ჩვენს პოზიციას კენჭისყრით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ“ - აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

იქამდე, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა: „საკონსტიტუციო ცვლილებები თუ ჩავარდება, უფრო მალე მოვიცილებთ ხელისუფლებას, ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში“.