თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, ამ წუთებში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბრალს აცნობენ.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩხუბის არცერთ ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია.
„დაკავების ოქმში მითითებულია, რომ მან თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩაიდინა, ასევე ჩაიდინა ძალადობა, ან მასში მონაწილეობა, სახელმწიფო წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა იარაღით, რასაც რბევა, აფეთქება მოჰყვა. ეს კვალიფიკაცია არარელევანტურია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებებთან. ის არცერთ კონფლიქტში არ მონაწილეობდა და მას არავისთვის თავისუფლება უკანონოდ არ აღუკვეთავს. გური ამირხანაშვილის ეპიზოდს რაც შეეხება, როგორც ვიცი, მას ნათქვამი აქვს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ის არავის წაუყვანია და მანქანაში არავის ჩაუსვამს. ძალიან მალე საქმის მასალებს მივიღებ და ვნახავ, რა ჩვენება ექნება გური ამირხანაშვილს მიცემული", - აცხადებს გელხაური.