რომან გოცირიძემ ქვეყნის ანტიკრიზისული ბიუჯეტი გააკრიტიკა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აღნიშნა, ბიუჯეტი დღეს „ფაქტობრივად მკვდარია“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ამ ორი დღის განმავლობაში ისწავლეს მოდური სიტყვა - „ფეიკ ნიუსი“ და ფეიკობენ და ფეიკობენ ორი დღეა. ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკ-ბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია“, - განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, დაახლოებით 400 ათასი ადამიანი სახელმწიფო დახმარების გარეშე დარჩა, ფინანსური დახმარება კი მხოლოდ 100 ათასამდე თვითდასაქმებულმა მიიღო, რადგან ბიუროკრატიული პროცესები გართულებულია. უმუშევრად დარჩენილებიდან, კი დახმარებას მხოლოდ მესამედი იღებს.
„სულ მცირე 300 მილიონის ასე ვთქვათ ეკონომია გააკეთეთ აი ამ თქვენი „პირფეიკ“ დაპირებებისა და ამ ტყუილი ბიუჯეტის წყალობით. და ეს 300 მილიონი წარიმართება იმ ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც თქვენ არ შეკვეცეთ ბიუჯეტში. ეს არის ის ხარჯები, რომლებიც არის მიმართული თქვენი ბიზნესებისთვის, ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიებისთვის, უსარგებლო კორუფციული ხარჯები, პოლიტიკურად მოტივირებული ხარჯები, არჩევნებისთვის გამზადებული ფული“, - აღნიშნა გოცირიძემ.