19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული თემურ ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად მონაწილეობდა ინციდენტში, მაგრამ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე ინფორმაციით, მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ თემურ ბარბაქაძე მეგობრებთან ერთად მერსედესის მარკის ავტომობილით თბილისში წამოვიდა, თუმცა უკან თავისი მეგობრების წამოსაყვანად დაბრუნდა, რომლებიც, ასევე, ძალადობის მსხვერპლები იყვნენ.
"მონაწილეობდა აგარაკის ინციდენტში, ოღონდ იქ იყო როგორც მსხვერპლი, მის მიმართ განხორციელდა ძალადობა. მისი სიტყვებით, მას ქეჩოში მოჰკიდეს, ათრიეს მიწაზე, მას დაზიანება აქვს ფეხზე და ხელზე. შემდგომ მან და მისმა მეგობრებმა იქაურობას თავი გაარიდეს. წამოვიდნენ თბილისში. უკვე თბილისში რომ ჩამოვიდნენ, აღმოჩნდა, რომ მათი ორი მეგობარი იქ იყო დარჩენილი და სთხოვეს, დაბრუნდით და ჩვენც წაგვიყვანეთ, ვინაიდან ჩვენ მიმართ ხორციელდება ძალადობა. დაბრუნდნენ უკან და ზუსტად მანდ მოხდა ხიდის ეპიზოდი - დაინახეს ეს მოძალადეები ხიდთან, გააჩერეს ავტომობილი და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის,"-განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. "კურიერმა" დაკავებულების ნაწილის ვინაობა გაარკვია. ესენი არიან: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, მორაგბეები ნიკა ჟვანია, არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე; ასევე, თენგო ბარბაქაძე და საბა ჩხარტიშვილი; დაკავებულებს შორის არიან ირაკლი მუმლაძე და ვახო ჩიქოვანი.
"კურიერის" ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, ესენია: ძალადობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ხულიგნობა, დანაშაულის შეუტყობინებლობა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.