გადასახადების ადმინისტრირების ახალ გამარტივებულ პროცედურები

გადასახადების ადმინისტრირების ახალ გამარტივებულ პროცედურები

გადასახადების ადმინისტრირების განახლებული წესების წარდგენისა და განხილვის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მომზადებული ცვლილებები, რომლითაც  მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრირების პროცესები, ბიზნესისთვის იზოგება დრო და მცირდება დანახარჯები. მათ შორის:

  • გადასახადის გადამხდელების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებებიდან, ერთ ობიექტზე დღეში ერთხელ განცხადების განხილვა განხორციელდება უსასყიდლოდ, თუ ამ განცხადებით ჩამოსაწერი საქონლის ღირებულება არ აღემატება 100 ლარს.
  • საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად (თვეში ერთი ანგარიშგებით), საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერებისა და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ გასული თვის განმავლობაში დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი.
  • დგინდება სურსათის დანაკარგების ოდენობა სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით.

ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომდგენლებთან საუბრისას, შემოსავლების სამსახურის უფროსმა  აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთი ეფექტიანი ნაბიჯი გადადგა საგადასახადო სისტემის ადმინისტრირების ლიბერალიზაციის მიმართულებით. გამარტივებული  საგადასახადო სისტემა  კი სწორედ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და კომპანიების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად.

,,დადგენილი საფასურისგან გათავისუფლდა იმ განცხადებების განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია არაარსებითი ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა. აგრეთვე, როგორც ცნობილია, დაზიანებული საქონლის შენახვა დაკავშირებულია გარკვეულ დანახარჯებთან. კერძოდ, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, ყოველდღიურად უფიქსირდებათ დაზიანებული საქონელი და ჩამოწერის პროცედურების სირთულის გამო, უწევთ ამ საქონლის რეალიზაციაში ასახვა და შესაბამისად, დაბეგვრა. ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად მომზადებული ცვლილებების თანახმად, კვების ობიექტებს, რომლებსაც აქვთ მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე, არ არიან დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის და ა.შ.  შეეძლებათ გამარტივებულად (თვეში ერთი ანგარიშგებით), საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერების და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ გასული თვის განმავლობაში დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი.  გარდა ამისა, დგინდება სურსათის დანაკარგების ოდენობა სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით“, - განაცხადა ლევან კაკავამ.

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა კომპანიების წარმომადგენლების დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც, საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ლევან სირანაშვილმა საქონლის ჩამოწერის ახალი წესების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გამართულ შეხვედრას  შემოსავლების სამსახურის უფროსის  პირველი მოადგილე მამუკა ბარათაშვილი, ანალიტიკური დეპარტმენტის უფროსი ზაალ ტყეშელაშვილი,  საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე, ასევე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზემოაღნიშნული საკითხების მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის, ინფორმაცია 100 ლარამდე ღირებულების საქონლის ჩამოწერის განცხადებების საფასურისაგან გათავისუფლების თაობაზე (საქართველოს მთავრობის N96 დადგენილება), საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის საქონლის ჩამოწერის გამარტივებული წესების თაობაზე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანება) და სავაჭრო ობიექტებისთვის სურსათის დანაკარგების თაობაზე (შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N16117) განთავსებულია შემდეგ ბმულებზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2800?publication=90

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167835?publication=110

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?doc_id=10948

აღსანიშნავია, რომ დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურის გამარტივება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომლის გადაწყვეტაზეც მთავრობა ბიზნესთან ერთად აქტიურად მუშაობდა. აღნიშნული ინიციატივა   სრულად ასახავს ბიზნესის ინტერესებს და შედგენილია სწორედ ბიზნესის მხრიდან დაყენებული წინადადებებისა და მოსაზრებების შესაბამისად.