ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულება ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი, ძირითადი სტრატეგიული მიმართულება და ეს არაა რომელი პარტიის გადაწყვეტილება. ესაა ჩვენი მოქალაქეების ისტორიული გადაწყვეტილება. ხვალ, 27 ივნისს ზუსტად 6 წელი ხდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და მისი მე-4 თავის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერიდან. ეს იყო ფუნდამენტური საფუძველი, ფუნდამენტური ჩარჩო იმ გზაზე, რომელიც საქართველო უნდა გაიაროს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობამდე. ჩვენი ყველაზე ამოცანაა, სრულფასოვნად შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც ავიღეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე და ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობა დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს თანამშრომლობის გაფართოების სტრატეგია უკიდურესად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტურები და შევძლოთ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ უახლოეს წლებში, გარდა უვიზო რეჟიმისა, ჩვენი მოქალაქეებისთვის მოვიპოვოთ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე, ინტეგრირების ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ და ეს ნაბიჯები იყოს საგრძნობი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
საქართველოს პარლამენტში მთავრობის მეთაურს უსმენენ. პრემიერის მოსმენით დღეს, პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდება. რეგლამენტის შესაბამისად, თვის ბოლო პარასკევს, სესია იხურება.