რას ამბობს ექსპერტი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

რას ამბობს ექსპერტი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს დღეს დაკრძალავენ, ამ დრომდე ოჯახს არ აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე - რას შეეწირა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა?

ყველა ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, რაც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ფეხბურთელს მრავლობითი და მძიმე დაზიანებები რომ აქვს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული, ამაზე საუბრობს უკვე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტზის ცენტრ "ვექტორის" ხელმძღვანელი ალექსანდრე გეჯაძე.

სწორედ "ვექტორის" ექსპერტი კახა ერისთავი ესწრებოდა ექსპერტიზას. გეჯაძის თქმით, გასარკვევია, მან ეს დაზიანებები გარდაცვალებამდე მიიღო, თუ დაღუპვის შემდეგ.

"ცალსახად დგინდება, რომ სხეულს გარეგნულად აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, კერძოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმების სახით. როგორც თავის, სახის, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში და ა.შ. აღებულ იქნება სრული მოცულობით ყველანაირი ბიოლოგიური მასალა - ლაბორატორიული, ჰისტოპათოლოგიური და ფიზიკოტექნიკური კვლევისთვის, რათა დადგინდეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ცოცხალი მოხვდა გარდაცვლილი წყალში თუ არა, ანუ ადგილი ჰქონდა თუ არა ასფიქსიით სიკვდილს თუ პირიქით, ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმით გარდაიცვალა წყალში მოხვედრამდე. ეს ტრავმები იყო თუ არა სიცოცხლის დროინდელი, ეს დადგინდება ტრავმების ხასიათის კვლევის შედეგად. შემდგომ ეტაპზე, ალბათ, გამოძიება წარმოადგენს მოწმეების ჩვენებებზე დაფუძნებულ თავის ვერსიებს", - აცხადებს ექსპერტი.