გიორგი ვოლსკი პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე პარლამენტში: მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციას, იყოს კრიტიკული, მაგრამ საქმიანი

გიორგი ვოლსკი პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე პარლამენტში: მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციას, იყოს კრიტიკული, მაგრამ საქმიანი

ძალიან კარგია ოპოზიცია თუ დაესწრება და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს, ყოველ შემთხვევაში, არ ეცდება, რომ ეს ცირკი მოაწყოს - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ​ ხვალ პრემიერ-მინისტრის საქართველოს პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ცირკის მოწყობა ვერ გამოუვიდათ ერთხელ, ორჯერ. ახლაც ფიქრობენ რევანში მიიტანონ, მაგრამ თუკი იქნება საქმიანი განხილვა, რადგან პრემიერ- მინისტრი აპირებს ძალიან ბევრი საკითხი გამოიტანოს ჩვენ წინაშე, საზოგადოების წინაშე და მე დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციას, იყოს კრიტიკული, მაგრამ იყოს საქმიანი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 26 ივნისს წარდგება. ბოლო დროის განმავლობაში ეს პრემიერ-მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში უკვე მესამე ვიზიტია.

ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, გახარიას გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დაესწრებიან და კითხვებსაც დასვამენ.

გასულ თვეში პრემიერი პარლამენტში ორჯერ იმყოფებოდა. 27 მაისს გიორგი გახარიამ კოვიდ-ანგარიში წარადგინა, 29 მაისს კი საკანონმდებლო ორგანოს ინტერპელაციის წესის ფარგლებში ეწვია.