რომან გოცირიძე: მთავრობის მოხსენება, თავად გიორგი გახარია სარკე და პორტრეტია საქართველოს წარუმატებელი, ჩამონგრეული ეკონომიკის

რომან გოცირიძე: მთავრობის მოხსენება, თავად გიორგი გახარია სარკე და პორტრეტია საქართველოს წარუმატებელი, ჩამონგრეული ეკონომიკის

მთავრობის მოხსენება, თავად გიორგი გახარია სარკე და პორტრეტია საქართველოს წარუმატებელი, ჩამონგრეული ეკონომიკის, ასევე ეს არის სახე საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და დანაშაულებრივი სისტემის აგების, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძე ამბობს, რომ შეუძლებელია, მისი ფრაქციის წარმომადგენლები არ დაესწრონ იმ სხდომას, სადაც აუცილებლად კიდევ ერთხელ ამხელენ ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას.

„ეს წელი იყო ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვის, გავრილოვის ქვეყანაში შემოყვანის და იმ სისასტიკის ჩადენის, რაც პარლამენტის წინ მოხდა. ეს იყო სასამართლო სისტემის საბოლოო ჩამონგრევის წელი, ერთი პარტიისა და ერთი ადამიანის დაქვემდებარების წელი. ასევე ეკონომიკის ჩამოშლის, ლარის გაუფასურების, ფასების ზრდისა და ხალხის გაღატაკების წელი. მთავრობას პასუხს მოვთხოვთ იმაზე, რა დღეში ჩააგდეს ეკონომიკა და ხალხი. როგორ მოახდინეს, ხელისუფლების კონსტიტუციური შტოების უზურპაცია და ერთი ადამიანი როგორ მართავს ქვეყანას“, – განაცხადა გოცირიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული და პლენარულ სხდომებს საკუთარი შეხედულებისამებრ ესწრებიან. ისინი აპირებენ, რომ ხვალინდელ სხდომას დაესწრონ, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოსმენა იგეგმება.