მამუკა მდინარაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიცია შეუერთდეს არა ელჩების, არამედ მათი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის რურუას მოწოდებას, რომელმაც თქვა, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებს ხმა მისცენ

მამუკა მდინარაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიცია შეუერთდეს არა ელჩების, არამედ მათი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის რურუას მოწოდებას, რომელმაც თქვა, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებს ხმა მისცენ

მგონი რურუა უკეთესად ხვდება, რა ჩიხში შედიან მისი თანაპარტიელები და თანამებრძოლები, ვიდრე თავად ის ადამიანები, რომლებიც უფრო ადეკვატურები უნდა იყვნენ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი რურუას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციას სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

"პროგნოზირება ცოტა რთულია, რადგან მათ ღრმად შეტოპეს იმ მავნებლობაში, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ისინი შეუერთდნენ არა ელჩების, არამედ მათი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის, რურუას მოწოდებას, რომელმაც თქვა, რომ უნდა შევიდნენ და ხმა მისცენ კონსტიტუციურ ცვლილებებს, მგონი რურუა უკეთესად ხვდება, რა ჩიხში შედიან მისი თანაპარტიელები და თანამებრძოლები, ვიდრე თავად ის ადამიანები, რომლებიც უფრო ადეკვატურები უნდა იყვნენ,"- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის სირცხვილია, რომ რურუა პოლიტპატიმრად ან რომელიმე პარტიის ლიდერად მოიხსენიება.

"ისეთ საქმეებთან დაკავშირებით მე არ ვაპირებ საუბარს, სადაც არ არის ბრალდებები ან განაჩენები, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის, ამას რომ თავი დავანებოთ, ვიცით საზოგადოებრივი აღქმა, რურუას თუ ირჩევენ ეს ადამიანები ლიდერად, ეს მათი საქმეა, ისედაც სამ პროცენტიან რეიტინგის ფარგლებში ეს მათი გასარისკია, ჩვენ ამაზე არ ვინერვიულებთ ნამდვილად. ჩვენთვის, "ქართული ოცნებისთვის" ეს სუბიექტურად უკეთესია, მაგრამ ქვეყნისთვის კარგი არ არის. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ჩვენი პარტიის სუბიექტური ინტერესი და ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ დაემთხვა. პოლიტიკური პარტიისთვის, რომელსაც უწევენ ეს პარტიები კონკურენციას, ეს არის კარგი, რადგან რურუა რომ იქნება ლიდერი ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ქვეყნისთვის უბრალოდ სირცხვილია, რომ გიორგი რურუა მოიხსენიება ან პოლიტპატიმრად, ან რომელიმე თუნდაც ერთ პროცენტიანი პარტიის ლიდერად,"- განაცხადა მდინარაძემ.