„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები სტრესულ მდგომარეობაში არიან იქედან გამომდინარე, რომ მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან, თან იმ პირობებში, როდესაც მათი ბრალეულობა ნულის ტოლია“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურანტი ახალგაზრდების ადვოკატების პრესკონფერენციაზე ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთმა მოწმემ, ფოტოგრაფმა გუშინ ისაუბრა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც თავისი თვალით დაინახა - კერძოდ, მანქანის გაჩერების შემდეგ გაიქცა ორი ადამიანი (თავად და გიორგი შაქარაშვილი), სულ 6 ადამიანი იყო. მან ასევე ახსენა რკინის ჯოხი, რომელიც თურმე ერთ-ერთ იქ მყოფს ჰქონდა.
„თუ მის ლოგიკას გავყვებით, გამოდის - როდესაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები ჩნდებიან უკვე საქმეში და გადაადგილდებიან ავტომანქანით, გიორგი უკვე იქ არ იმყოფება და ვერსია, რომ გიორგი ბოლოს ნახეს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მსხდომი ბიჭების ბრალეულობა არ იკვეთება და ამაზე ჩვენც ვსაუბრობდით“, - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.
მისივე თქმით, ოჯახის პოზიციაა, რომ ამ ადამიანებს კონფლიქტში არ მიუღიათ მონაწილეობა და მათი დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.