საგარეო-პოლიტიკური კრიზისი თუ „ჯვაროსნული ლაშქრობა“ ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ?

საგარეო-პოლიტიკური კრიზისი თუ „ჯვაროსნული ლაშქრობა“ ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ?

ვის-ვის და ქართველებს ნამდვილად არ გვესწავლება ჩვენი ერის მამის, წმინდა ილია მართლის უკვდავი სიტყვები: „მოყვარეს პირში უძახე და მტერს პირს უკანაო“. ამიტომ, ჭეშმარიტი მამულიშვილობა ისაა, როდესაც ემოციებს არ აყვები, წყენას გვერდით გადადებ და შეეცდები ცივი გონებით გაარკვიო, რატომ გახდა ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხის უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერით, დემოკრატიულად - არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული ბიძინა ივანიშვილის მთავრობაჩვენი დასავლელი მეგობრების არნახული კრიტიკის სამიზნე.

დასაწყისში ალბათ უპრიანი იქნებოდა ორი კითხვის დასმა:

 

პირველი - რამდენად სამართლიანია ზოგიერთი საკმაოდ გავლენიანი ევრო-ამერიკელი პოლიტიკოსებისა და მედია საშუალებების მიერ უკვე მრავალჯერ გაჟღერებული ბრალდება საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიმართ იმის თაობაზე, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ქვეყანაში, არც მეტი და არც ნაკლები, დაწყებულა „პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მასობრივი დევნა შერჩევითი სამართლის საფუძველზე“. „პოლიტიკურ დევნილებში“ კი იგულისხმება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი დამქაშები;

მეორე - მართლა საქართველოს მეგობრობითა და სიყვარულით „ეწვით“ გული დასავლელ „კრიტიკოსებს“ თუ „ძაღლის თავი სხვაგანაა დამარხული“?

პირველ კითხვაზე პასუხი უკვე გასცეს როგორც ქართველმა, ისე დასავლელმა პუბლიცისტებმა. დავით ზარდიაშვილმა For.ge-ში გამოქვეყნებულ სტატიაში: „პოლიტპატიმრებისმრავალტანჯულისია: ასო–თა თამაში და საკუთარ კარში გოლების წვიმა“ და ჩარლზ ფეირბანქსმა ჟურნალ „ლიბერალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „რატომ აღმოჩნდა საქართველოს სრულიად ახალი მთავრობა კრიტიკის ასეთ ქარ-ცეცხლში“, დამაჯერებლად დაასაბუთეს ზემოთ აღნიშნულ ბრალდებათა არამართლზომიერება, აბსურდულობა და უზნეობა.

მართლაც და, ჩვენ ქალაქში რომ იტყოდნენ ხოლმე უწინ, „ნამუსიც კარგი საქონელია“. რა პოლიტიკური ნიშნით დევნაზეა ლაპარაკი? მთავარი „დევნილი“, „ნაცმაცუნების“ მიერ გმირად გამოცხადებული ბაჩო ახალია, თავისი ფეხით არ ჩაბარდა სამართლდამცველებს, იმის შიშით (სხვათა შორის – საფუძვლიანით) ჩეჩნებმა არ მომკლანო?

რა მასობრივ დაპატიმრებებზეა ლაპარაკი, როდესაც თითებზე ჩამოსათვლელი პიროვნებებია ჯერ სამართალში მიცემული და ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩვენი პროკურატურა ყველანაირად ცდილობს როგორმე არ აიყვანოს ყოფილი მაღალჩინოსნები პატიმრობაში და იძულებული ხდება გააკეთოს ეს მხოლოდ სამხილების სიმძიმიდან გამომდინარე და ნაცმოელთა მიერ გამწარებული ხალხის სამართლიანი რისხვისაგან მათივე დასაცავად.

ღმერთმანი, ბაჩო ახალაია ეულად უნდა იჯდეს ციხის საკანში და მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად საზღვარგარეთ უნდა სეირნობდნენ?

კი, მაგრამ, რა გამოდის, ქვეყანაში მართლმსაჯულება საერთოდ არ უნდა სრულდებოდეს? ხომ ყველამ და მათ შორის უცხოელმა მეგობრებმაც იციან კარგად, რომ ის კრიმინალი, რაც დღეისთვისაა გამოვლენილი, მაღალჩინოსანთა მიერ სააკაშვილის ცხრაწლიანი აღვირახსნილი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების აისბერგის მწვერვალია მხოლოდ?

რა, დღეს საქართველოში მარტო სააკაშვილის მაღალჩინოსნებს აპატიმრებენ და მეტს არავის? მაშ, რატომღა გვიკიჟინებენ შერჩევითი სამართალი გაქვთო? უცხოელთა ლოგიკით მიშას მმართველობისას ობიექტური და პოლიტიკურად არაანგაჟირებული, ჰუმანური სამართალი ყოფილა, დღეს კი „დიდი ტერორი“ მძვინვარებს?

ეს ხომ ნამდვილად არ არის ასე!

მაინც რამ დაუბრმავა ასე თვალები ამდენ განსწავლულ ადამიანს დასავლეთში? თუ სენატორ მაკკეინს, სრულიად გასაგები, „მამობრივი სიყვარული“ აბრმავებდა (მიშა ჩემი შვილობილიაო – აცხადებდა ყოველთვის),  რატომ ვერ ხედავდა ყველა დანარჩენი იმას, რომ საქართველო „დემოკრატიის შუქურად“ კი არა „დემოკრატიის სამარედ“, ერთ დიდ საპატიმროდ გადააქცია „ყვარყვარე“ სააკაშვილმა?

რატომ ვერ ხედავდნენ იმას, საბურავებისა და წიწილების ქურდობაში მხილებულ არასრულწლოვან ბავშვებს როგორწირავდნენ ათი და მეტი წლით ციხეში „დასალპობად“ ადეიშვილის პროკურორები და კუბლაშვილის მოსამართლეები?

რატომ ვერ ხედავდნენ 2011 წლის 26 მაისს პოლიციისა და ნაცზონდერების მიერ მხეცურად მოკლულ, დასახიჩრებულ და ნაცემ უამრავ უდანაშაულო ადამიანს?

ახლა მაინც ვერ წაიკითხეს სააკაშვილის მმართველობის დროს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული უამრავი ადამიანის უზარმაზარი სია?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელისუფლებისადმი გამოტანილი უმკაცრესი ვერდიქტი მათთვის „ფარატინა ქაღალდია“ და მეტი არაფერი?

კარგადაც ხედავდნენ ყველაფერს კარლ ბილდტი, ჯონ მაკ კეინი, ჯო ლიბერმანი და სხვები! უბრალოდ, მხოლოდ იმას გამოყოფდნენ, რაც აწყობდათ, რათა არ დაეჯერებინათ საყვარელი პროექტის - „ვარდების რევოლუციის“ კრახის რეალობა!

ტყუილისა და საკუთარი თავის მოტყუების ჭაობი უკიდეგანოა და ჩათრევა იცის.  ჭაობში ჩათრეული ადამიანის გადარჩენა კი ძალიან ძნელი, ხშირად შეუძლებელია.

თანავუგრძნობ ყველას და შევახსენებ ამ ღირსეულ ადამიანებს (მათ ადამიანურ ღირსებაში ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი), რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

საკუთარი თავის მოტყუების „ჭაობიდან“ ამოსვლისა და პოლიტიკური რეპუტაციის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება მხოლოდ სიმართლისთვის თვალის გასწორებაა.

დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი მათგანი, პირველ რიგში კი ღირსეული მეომარი და გმირი ჯონ მაკკეინი, მოახერხებს ამას.

ისე, რაც არ უნდა ილაპარაკონ და გვატკინონ გული ჯონ მაკკეინმა, კარლ ბილდტმა თუ ჯო ლიბერმანმა, დასავლეთი იყო, არის და ყოველთვის დარჩება საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის გულწრფელი მხარდამჭერი.

ამიტომაც ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ დასავლეთისადმი დამოკიდებულებაში ჩვენ გულებში „ეჭვის ჭიამ“ არ დაისადგუროს, მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის ტაშ-ფანდურის, უსირცხვილო ფიარის, სააკაშვილის მიერვე დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიერ ტირაჟირებული ტყუილებისა და, შესაძლოა, სულაც საეჭვო გარიგებების (პოლიტიკური კორუფციის სუნი რომ დაკრავთ) მეშვეობით დაბრმავებულ ზოგიერთ პოლიტიკოსსა და მედია–საშუალებებს თეთრი შავისაგან ვერ გაურჩევიათ. ამას არ მოწმობს ბოლო ხანებში ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალური წრეებისსულ უფრო და უფრო მოზომილი განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში?

ბნელ ღამეს დილა მოსდევს. სუსხიან ზამთარს – თბილი გაზაფხული. ჩვენი მეგობრებიც შეეგუებიან ოდესმე იმას, რომ მათმა ხელი-ხელ საგოგმანებელმა „ვარდების რევოლუციამ“ სული განუტევა.

სააკაშვილის გუნდისათვის კი უპრიანი იქნებოდა იმის გაკეთება, რაც მათ ყველაზე უფრო ეჯავრებათ - კარგად დაფიქრება.

ვფიქრობ, რომ ზემოთაღნიშნულ გუნდში საკმარისია ინტელექტუალურად კარგად განვითარებული პიროვნებების რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ გააანალიზონ შექმნილი ვითარება და მივიდნენ ერთ ლოგიკურ დასკვნამდე. ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ავტორიტეტისა და კეთილდღეობის  ხელყოფა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი „ტყავების“ გადარჩენის მიზნით არა მარტო ამაზრზენია, არაპროდუქტიული და სახიფათოცაა. პირველ რიგში კი – მათთვის.

დღეს, სააკაშვილის გვერდით მდგომი პიროვნება, რომელიც ხელს უწყობს მას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ლანძღვა-გინებაში საზღვარგარეთ, უნდა ხვდებოდეს (თუ ის მართლა ინტელექტუალურად სრულფასოვანია), რომ საქართველოს გაუთავებელი დისკრედიტაციით და რევანშის ეფემერული იმედებით, მან შეიძლება არამხოლოდ პოლიტიკური „სამარე“ გაუთხაროს საკუთარ თავს.

საკუთარ თავს, თორემ სააკაშვილისთვის ვითარების გამწვავება მისწრებაა, ვინაიდან მას „წამებულის მანტიას“ მოასხამს და საშუალებას მისცემს მოკურცხლოს საზღვარგარეთ.

სააკაშვილი მოახერხებს გაქცევას, თქვენ კი ვერა, პატივცემულო ნაცმოელებო, და საბოლოო ჯამში გამძვინვარებული ქართველი ხალხის საკბილო თქვენი ბელადი კი არა თითოეული თქვენთაგანი დარჩება. ქართველი ხალხის მძვინვარების ამბავს ბახტრიონის ჯანყის ისტორიაში ამოიკითხავთ (ისე, ქართველები კი ხართ, მაგრამ მმართველობის სტილითა და ქართველი ერის სიძულვილით დიდად ნამდვილად არ განსხვავდებით ყიზილბაში და სხვა გადამთიელი მტარვალებისაგან, რასაც „ცოცხების“ გამოყენების თქვენეული პრაქტიკაც ადასტურებს).

ამიტომაც ნუ სარგებლობთ ახალი ხელისუფლების სულგრძელობით (ჩვენი ხალხი მერწმუნეთ, სულაც არ არის ასეთი მიმტევებელი).

მივმართავ სააკაშვილის გარემოცვას, საპარლამენტო უმცირესობას, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში. თითოეული თქვენთაგანს ძალუძს ჯეროვნად გააცნობიეროს ის, რომ ქვეყანას უნდა ემსახუროს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომელიც, სხვათა შორის, განწირულიცაა. პოლიტიკაში დასაშვებია ისეთი გარიგება, რომელიც სახელმწიფოსათვის სასიკეთოა და ზნეობრივ ჩარჩოებშიც ეტევა. სამშობლოსათვის საზღვარგარეთ სახელის გატეხვა და ამაში სააკაშვილისათვის ხელშეწყობა კი დანაშაულის ტოლფასია.

ეს მხოლოდ დაამძიმებს თქვენ პასუხისმგებლობას ადრე ჩადენილი დანაშაულისათვის. თქვენ დიდ უმრავლესობას კი კრიმინალი, ვიცი, რომ არ ჩაუდენია და ახლა რატომღა წირავთ საკუთარ თავს?

 

იყავით მშვიდად. ნუ დაეხმარებით სააკაშვილს საქართველოს ლანძღვა-გინებაში და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის სახელის გატეხვაში. დროზე მოდით ჭკუაზე და დაგიფასდებათ კიდეც.

აი, ეს არის, ბატონო ნაცმოელებო და ნაცმოელთა უცხოელო მფარველებო, რეალური „კოჰაბიტაცია“ და რომელი სხვა „კოჰაბიტაციისაკენ“ მოუწოდებენ მავანნი ესოდენ ჯიუტად საზღვარგარეთიდან საქართველოს ახალ მთავრობას, გაუგებარია.

„კოჰაბიტაცია“ ინგლისური სიტყვაა და თანაცხოვრებას ნიშნავს. თანაცხოვრებას და არა თანამშრომლობას ადრე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების დაფარვის მიზნით. ამ უკანასკნელს კრიმინალი ეწოდება და მოდით, ნურავინ ნუ  მოგვიწოდებს კრიმინალისაკენ, მით უმეტეს – ჩვენი მეგობრები.

საქართველოს ახალ ხელისუფლებას კი მინდა ვუსურვო ამ საგარეო-პოლიტიკური გამოწვევის ღირსეულად დაძლევა. თუმცა, როგორც სტატიის სათაურში მაქვს მოყვანილი, ზემოთ აღნიშნული გამოწვევა „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ უფრო წააგავს ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ლაშქრობას ჭეშმარიტად ეროვნული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რომელსაც, ჩვენდა საუბედუროდ, როგორც არაერთხელ მომხდარა  საქართველოს შორეულ თუ ახლო წარსულში, ჩვენივე თანამემამულეები უდგანან სათავეში.

დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ, სამარცხვინო „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, ისევე როგორც მის ისტორიულ ანალოგს შუა საუკუნეებში, გამარჯვება არ უწერია.