ნატოს თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი (video)

ნატოს თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი (video)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, გასვლითი სასწავლო ვიზიტით, ნატოს თავდაცვის კოლეჯის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის ხელმძღვანელი, კოლეჯის კომენდანტი გენერალ-ლეიტენანტი არნე ბარდ დალჰაუგი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, რომელიც სამინისტროს ადამიანური რესურსების და განათლების სფეროს უწევს კურირებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს თავდაცვის კოლეჯის მნიშვნელობაზე და სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის პროფესიონალური განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა გენერალ-ლეიტენანტ დალჰაუგს საქართველოში სამხედრო განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებიც გააცნო.

საქართველოში ვიზიტის მიზანი, კოლეჯის კურსანტებისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებისა და რეგიონალური უსაფრთხოების გაცნობაა. კოლეჯის 80-მდე კურსანტს აღნიშნული საკითხების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით დონდუა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი ესაუბრნენ. ნატო-საქართველოს ურთიერთობების, ნატოს სამეკავშირეო ოფისის როლისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხები კოლეჯის დელეგაციას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გააცნო. 

ნატოს თავდაცვის კოლეჯის დელეგაცია, რეგიონული გასვლითი სასწავლო კურსის ფარგლებში, თურქეთსა და აზერბაიჯანშიც იმყოფებოდა. კურსი ექვსთვიანია და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო მაღალი თანამდებობის პირებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

  •  

  •