პრემიერი აკადემიაში (video)

პრემიერი აკადემიაში (video)

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს ნიკოლოზობა მიულოცა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას სამხედრო განათლების მნიშვნელობასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანას განათლებული ჯარი უნდა იცავდეს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით სამხედრო განათლების სფეროში ახალი ინვესტიციების ჩადებას გეგმავს. „ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლება წარმოადგენს. დღეს სიმბოლურია, რომ განათლების სისტემაში პირველად თქვენთან მოვედი. წარმატების მისაღწევად საჭიროა განათლებული საზოგადოება გვყავდეს. ის, რომ ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ღირსეული დაცვა - ამასაც განათლებული ჯარი უნდა აკეთებდეს... ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, ისეთი ჯარი და გვყავდეს ისეთი განათლებული და ღირსეული ოფიცრები, რომ საქართველოს დაცვაში მათ პრაქტიკულად პრევენციის როლი შეასრულონ. ჯარისკაცი იმისთვისაა, რომ საკუთარ სამშობლოს ემსახუროს და მისი უსაფრთხოება დაიცვას" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას. 

პრემიერ-მინისტრთან ერთად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდნენ. მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფრასტრუქტურა და მსმენელების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს. მინისტრებს მეგზურობა აკადემიის კომენდანტმა ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ გაუწია.

  •  

  •