გოგა ხაინდრავა: რასაც დღეს გაბუნია, გვარამია, მათი ძმანი და დანი აკეთებენ, ეს არის ზუსტად საფრთხე საქართველოსთვის

გოგა ხაინდრავა: რასაც დღეს გაბუნია, გვარამია, მათი ძმანი და დანი აკეთებენ, ეს არის ზუსტად საფრთხე საქართველოსთვის

“რასაც დღეს გიორგი გაბუნია, ნიკა გვარამია, მათი ძმანი და დანი აკეთებენ, ეს არის ზუსტად საფრთხე საქართველოსთვის”, – ამის შესახებ კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აცხადებს.

გოგა ხაინდრავა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესა და საქართველოში რუსეთის მოქალაქის დაკავებას გამოეხმაურა.

„პირველ ყოვლისა, დაკავებული არ არის ჩეჩენი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ინგუშია. ეს არის ორი სხვადასხვა ერი. ქართველებისა და ჩეჩნების დაპირისპირებისა და ყველაფრის გადაბრალების ტენდენცია ძალიან სახიფათოა ჩვენთვის იმიტომ, რომ ჩვენ და ჩეჩნები დიდი ხნის ახლობელი ერები ვართ და პანკისელი ქისტების საქართველოში ცხოვრება ამას ადასტურებს. რაც შეეხება ინგუშებს – ისინი ჩვენი ძმები არიან. ტერორიზმს არ აქვს ეროვნება. იმაზე ხაზის გასმა, რომ ის ჩეჩენია, თუ სხვა – ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თუ მას ეს დაუმტკიცდება, ის ტერორისტია.

ჩვენ ამ საქმის შესახებ არაფერი ვიცით, გარდა იმ მწირი ინფორმაციისა, რომელიც სუს-მა მოგვაწოდა. სხვა ყველაფერი არის გვარამიასა და გაბუნიას ფანტაზიები, მათთან გათანაბრებული ტელებორდელების საუბარი. არავინ იცის, რა მოხდა ზუსტად. ეს არის დიდი საფრთხე, თუ ეს არის ტერორისტული აქტი, რომელსაც ამზადებდნენ, არავითარი მნიშვნელობა აქვს, ვის წინააღმდეგაა მომზადებული. ეს საფრთხეა ქართული საზოგადოებისთვის, რადგან, პირველ ყივლისა, ის იწვევს დაუცველობის განცდას. ამას ემსხვერპლება არაერთი ადამიანი, ჩვენ ამის მოწმეები ვიყავით. ჩვენ ძალიან სახიფათო მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე. მესმის, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ხიფათს ებრძვიან ან ლაილაით ან შარვლის ჩახდით და იქეთ მიტრიალებით. ეს არ არის გზა. მეტსაც გეტყვით, რასაც დღეს გაბუნია, გვარამია, მათი ძმანი და დანი აკეთებენ, ეს არის საფრთხე ზუსტად საქართველოსთვის. როცა შენ შეურაცხყოფას აყენებ შენი ქვეყნის ტერიტორიიდან ისეთ საშიშ წარმონაქმნს, რომელსაც შენი ქვეყნის 20 % ოკუპირებული აქვს და ყოველწუთიერად ვართ აგრესიის მსხვერპლნი, უნდა გესმოდეს ეს. თუ არ გესმის, უნდა გაითვალისწინო, რომ ჩვენი შვილებიც საფრთხეში არიან. არავინ იცის, რას იზამენ, სკრიპალები რომ მოიწამლნენ, მოიწამლა მთელი უბანი, როცა სახლები იყო აფეთქებული, უდანაშაულო ხალხი დაიღუპა. ტერორისტული აქტის ჩადენა თუ მოინდომეს, არავინ იცის, რა მეთოდს მიმართავენ აქ. ამიტომ, მარტო შენი თავიდან, ვიწრო პარტიული ინტერესიდან არ უნდა გამოდიოდე, როცა მსგავს რაღაცებს აცხადებ. ეს არის უგუნურება, მათი სახე. ეს საფრთხეს უქმნის მთელს ქართულ საზოგადოებას. ესაა პრობლემა. რას წარმოადგენს კადიროვი, ყველამ კარგად იცის, აქ ახალი არაფერია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.

„არც არავის გაუკვირდება არაფერი. შიგნით ნახეთ, რა ხდება. იქაურ მოქალაქეებთან რა დამოკიდებულება აქვთ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა სახელმწიფო დონეზე კეთდება განცხადებები. მადლობა ღმერთს, ეგეთი განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა.

არ გამიკვრიდება, რომ შემკვეთი იყოს ის, ვისზეც ლაპარაკობენ. თუმცა, სანამ არ მეცოდინება დადასტურებულად, არ ვიტყვი და არ გავიმეორებ. თუ ასეა, როგორც თქვენი კითხვის კონტექსტიდან ჩანს, ეს ძალიან სახიფათოა. ეს დესტაბილიზაციის პირდაპირი წყაროა. ამის მცდელობები არაერთხელ იყო. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტატეგიული პარტნიორები და მეგობრები დაგვეხმარებიან ამ გამოძიებაში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, 15 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. ნიკა გვარამიამ იმავე დღეს განაცხადა, რომ დაკავებულს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა”, – წერია სუს-ის განცხადებაში.