საქართველო დღეს უფრო დემოკრატიულია ვიდრე სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში იყო, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატი, რომელიც საქართველოში 1995-97 წლებში მუშაობდა, კონგრესის რესპუბლიკური პარტიის 13 წევრის მიერ ხელმოწერილ ანგარიშს ეხმიანება და ამბობს, რომ დოკუმენტი ხარისხობრივი თვალსაზრისით არათანაბარია და ამიტომ ბიძინა ივანიშვილის შესახებ პასაჟს ზედმეტი სერიოზულობით არ აღიქვამს.
„პოლიტიკურ წყაროებს შევხედავდი, რომლებიც ახსნიდნენ თუ რატომ მოხდა ეს პასაჟი რესპუბლიკური პარტიის ანგარიშში. აღნიშნული ანგარიში ხარისხობრივად არათანაბარია და ამიტომ ერთ პასაჟს ზედმეტი სერიოზულობით არ მივიღებდი. საქართველოზე არსებული ნაწილი ამ ანგარიშში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომელიც ივანიშვილზე საუბრობს. მე Twitter-ზეც დავწერე, რომ შეცდომაა ივანიშვილის რუსეთის აგენტად და პუტინის მოკავშირედ დასახელება, რომელსაც საქართველოს დესტაბილიზაცია სურს. საქართველო დღეს უფრო დემოკრატიულია, ვიდრე სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში იყო. საქართველოს მიერ მიღწეული დემოკრატიული პროგრესი ნამდვილად თვალსაჩინოა“, - განაცხადა კორტნიმ.
მისივე თქმით, ასეთ ანგარიშებში ხშირად ხვდება წინადადებები, რომელთა არსებობის შესახებ ხელმომწერებმა არ იციან, ან არ ეთანხმებიან, რადგან მათ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ. ამიტომ, კორტნი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ ამ პასაჟს ზედმეტი ყურადღება არ უნდა მიაქციოს.
„მე მოვუწოდებდი ქართველ ხალხს არ ჩაეძიონ ამ პასაჟს ან წინადადებას. 120-გვერდიან დოკუმენტს რა თქმა უნდა ექნება წინადადება, რომელსაც ხელმომწერი კონგრესმენი არ ეთანხმება ან საერთოდ არაფერი იცის ამ წინადადების არსებობის შესახებ. ეს არ არის სიურპრიზი, რადგან კონგრესმენებს უამრავი საქმე აქვთ და დარწმუნებული ვარ, არც ერთ ხელმომწერ რესპუბლიკელ კონგრესმენს არ აქვს წაკითხული 120-ვე გვერდი. არ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილს სპეციალურ სტატუსს მიანიჭებს და სანქციებს დაუწესებს. ვერ ვხედავ ამის მიზეზს“, - ამბობს დიპლომატი.
დიპლომატი ანგარიშს რამდენიმე დღის წინაც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის კავშირის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
„ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“, - აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა.