ჩრდილოეთ საფრანგეთში, ქალაქ ოტმონში უცნობმა პირებმა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, შარლ დე გოლის ძეგლი წაბილწეს და პოსტამენტზე წარწერა „მონებით მოვაჭრე“ დატოვეს.
ინფორმაცია შარლ დე გოლის ძეგლის წაბილწვის შესახებ ო-დე-ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელმა, ქსავიე ბერტრანმა გაავრცელა.
„18 ივნისის სიტყვით გამოსვლამდე“ რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის, რომ გენერალი დე გოლი წინააღმდეგობის მოძრაობის ალს მხარს უჭერდა, მისი ძეგლის წაბილწვა ამაზრზენია“, - განაცხადა ქსავიე ბერტრანმა.
14 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთის რესპუბლიკა თავისი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული სახელების კვალს არ წაშლის.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ საფრანგეთში რასიზმისა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელსაც თან ახლდა პოლიციასთან დაპირისპირებები და ვანდალიზმის აქტები.