საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს და მისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ახალ პროგრამას იწყებს. ბანკი „აწარმოე საქართველოს“ „საკრედიტო-საგარანტიო სქემაში“ ერთვება, რომლის მიზანიც ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა.
პროგრამა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას გულისხმობს და მათთვის დაფინანსების ახალ შესაძლებლობებს იძლევა. პროგრამის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესები, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები, მიიღებენ საკრედიტო გარანტიას ძირი თანხის 90%-მდე.
სქემა ბიზნესებს უკვე არსებული სესხის რესტრუქტურიზაციასაც სთავაზობს. რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში პროგრამა საკრედიტო გარანტიის 30%-ის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს შეადგენს. საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა 10 წელია.
„ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ერთვება. პროგრამა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება მცირე და საშუალო საწარმოებს ფინანსურ რესურსზე წვდომის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და განვითარების რეალურ შანსს აძლევს, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5ee714878637e53c8689ce0e