სომხეთში ეპიდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა ყველაზე დიდი მატება დაფიქსირდა

სომხეთში ეპიდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა ყველაზე დიდი მატება დაფიქსირდა

სომხეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 723 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„24 საათის განმავლობაში 723 ახალი ინფიცირებული გვყავს, 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. სამსახურში სევანიდან ჩამოვედი და ავტომობილიდან ვხედავდი, რაოდენ ხშირად არღვევდნენ ადამიანები წესებს, მათ შორის ყველაზე მარტივს - პირბადის ტარებას. მგონია, რომ პრობლემა უკვე კორონავირუსის ფარგლებს გასცდა“, - განაცხადა პრემიერმა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 16 004 შემთხვევა დაფიქსირდა, 6 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 264 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.