13 ივნისის ტრაგედიისას უგზო-უკვლოდ დაკარგული 27 წლის სერგი კაპანაძის ბებია, ნინო თევდორაძე ბიჭის ცხოვრებაზე საუბრობს. მას სჯერა, რომ სერგი ცოცხალია და ბიჭს იპოვის.
“სერგო ჩემი დისშვილის შვილია, მე გავზარდე. ძაან რთული ბავშვი იყო, არ ჰყავდა დედ-მამა. ბებიის კალთაზე გამობმული ბავში იყო. მამამ მიატოვა, როცა ის ერთი წლისაც არ იყო. დედა ისეთი გოგო იყო, არ ამბობდა მის სატკივარს, ვეღარ გაუძლო, თავი ჩამოიხრჩო, თოკიდან მე ჩამოვხსენი”, - 13 ივნისს დაკარგული ბიჭის ბებია, საბედისწერო დღეს იხსენებს და ამბობს, რომ იმ დღეს სერგოს ლიზა ზარანდიას დის შეყვარებული უნდა გაეცნო.
“შაბათს სერგო წამოვიდა მეგობართან, უნდა გაეცილებინა, გერმანიაში მიდიოდა. შეაგვიანდა ჩამოსვლა ქუთაისში. ეს უბედურება რომ არ მომხდარიყო ლიზის ცოლად მოიყვანდა და ისინი დღეს ბედნიერები იქნებოდნენ.
მეორე დის შეყვარებულსა და სერგის ერთმანეთი უნდა გაეცნოთ. სერგო გავიდა სახლიდან და ბოლო მესიჯი აქვს მიწერილი მეგობრისთვის გასასვლელი ვარ ძალიან წვიმს და მეზარება წასვლაო. გამოვიდა იმ თავსხმაში შეხვდა დებს.
ირაკლის როცა შევხვდი, მეორე დის შეყვარებულს, მითხრა, მე რომ სახლში არ დავეტოვებინე, ეს უბედურება არ მოხდებოდაო”, - აცხადებს ნინო თევდორაძე.
სერგო კაპანაძე სტიქიის დროს დებ ინდირა და ლიზა ზარანდიებთან ერთად სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, დები ზარანდიები რამდენიმე დღეში გარდაცვლილები იპოვეს, სერგო კაპანაძეს კი ამ დრომე უშედეგოდ ეძებენ.