"ტვ პირველში" სკანდალი მწიფდება, ჟურნალისტები გაიქცნენ - "არ მოგწონს, რაც ამ ტელევიზიაში ხდება!"

ტელეწამყვანები ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი TV პირველს ტოვებენ. ამის შესახებ მათ TV პირველის პირდაპირ ეთერში განაცხადეს. მანამდე კი არხის დირექტორის პოსტი დატოვა ინგა გრიგოლიამ.

ტელეწამყვანებთან ერთად არხს ტოვებენ გადაცემა "პოლიტმეტრის" პროდიუსერი გიორგი დარჩაშვილი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ხატია შამანაური, წამყვანი-ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე, წამყვანი და ჟურნალისტი სოფო მაისურაძე, პროდიუსერი მიხო კოტეტიშვილი.

“შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის. ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, როცა სხვებთან ერთად აქ ვმუშაობდით მთელი ხუთი წელი… თანამშრომლობის რესურსი, როგორც ჩანს ამოწურულია. კერძო არხს აქვს უფლება, ბუნებრივია, ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება”, — განაცხადა ვახო სანაიამ.

როგორ ნინო ჟიჟილაშვილმა თქვა, არხიდან პოლიტმეტრის გუნდის მიზეზი არხის განვითარების პროცესია და მათი ხედვები არხის მენეჯმენტის ხედვებს აღარ ემთხვევა.

“ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები. აქ საუბარია საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე. "ტვ პირველში" ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ჟურნალისტები. არხის ეთერში გასვლის დღიდან ჩართული ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში, რაც აქ მიიღებოდა, სახელისუფლებო შეტევების მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო. ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც, სამწუხაროდ, უკვე აღარ გამოგვდის.

მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს, რაც ჟურნალისტური სტანდარტისა და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით "ტვ პირველზე" ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით”.