ედიშერ გვენეტაძე: „ამ ოპოზიციის შემხედვარეს მირჩევნია ხმა თემურ-ლენგს მივცე

ედიშერ გვენეტაძე: „ამ ოპოზიციის შემხედვარეს მირჩევნია ხმა თემურ-ლენგს მივცე" -

„რაც დღეს ქართულ ოპოზიციაში ხდება, ახალი არ არის, ყოველთვის ასე იყო, ერთი ისპაჰანში გარბოდა, მეორე სტამბულში, მესამე კიდევ სხვაგან. ვიღაც-ვიღაცეებს უკავშირდებოდნენ და წერილებს აცხობდნენ. მაგრამ ყველაზე დიდ უსტარს 31 ოქტომბერს დაწერს ქართველი ხალხი და შალიკოს „ფანჩატურს" პოლიტიკურ მოუსავალში გაშვებს," - ასე ეხამურება პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციაში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებს.

„ოპოზიცია ჭირვეულ ბავშვს ემსგავსება, ჯერ ითხოვდნენ მაჟორიტარული არჩევნების საერთოდ გაუქმებას და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას; ახლა კი ერთმანეთს მაჟორიტარული ოლქებისთვის ებრძვიან. ეს არის ოპოზიცია, რომელიც მთლიანად მოწყვეტილია ხალხს და მხოლოდ სკამებისთვის იბრძვის? ხომ ნახეთ, როგორ დაერივნენ ერთმანეთს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვაშაძის კანდიდატურის წამოყენების დროს. როგორც აღმოჩნდა, პრემიერობა სურდა მაჭუტაძესაც და ყველას, ვინც შალიკოს „ფანჩატურში" იკრიბება.

ვერ წარმომიდგენია საერთოდ როგორ დასხდნენ ერთმანეთის გვერდით ან ნინო ბურჯანაძე ან გუბაზ სანიკიძე, რომელიც მიშა სააკაშვილს ჯალალედინს უწოდებდა, ახლა კი ამბობს, მოდით და ჯალალედინთან ერთად ავაშენოთ სახელმწიფოო. ან შალვა ნათელაშვილი, რომელიც უგულავას ხაზინის ქურდს უწოდებდა, დღეს კი პოლიტპატიმარს უწოდებს. ისე ჩაეხუტნენ ერთმანეთს, რომ ვეღარ აცილებენ. ამ ხალხის შემხედვარეს მირჩევნია ხმა თემურ-ლენგს მივცე.

ისე გასაკვირი არ უნდა იყოს, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, რადგან ყოველთვის ასე იყო, ერთი ისპაჰანში გარბოდა, მეორე სტამბოლში, მესამე კიდევ სხვაგან. ვიღაც-ვიღაცეებს უკავშირდებოდნენ და წერილებს აცხობდნენ, მაგრამ ყველაზე დიდ წერილს 31 ოქტომბერს დაწერს ქართველი ხალხი და შალიკოს „ფანჩატურს" მოუსავალში გაუშვებს.

გითხრათ სიმართლე, გულწრფელად მინდა რომ იყოს რეალური ოპოზიცია, რომელიც კონკურენციას გაწევს ხელისუფლებას, მაგრამ ჯერ არ ჩანს. ცვლილებებიც მინდა, მაგრამ ეს ცვლილებები ვინ უნდა განახორციელოს, რომელმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც რევოლუცია და გადატრიალება უნდა? მიშა რაც მეტს იძახებს წინა ხაზზე ვიქნებიო, უფრო სასარგებლო იქნება ხელისუფლებისთვის, ის დღეს ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის რეკლამა კი არა ანტირეკლამაა.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მე არ ვამბობ, რომ შეცდომებს არ უშვებს, მაგრამ ფატალურ შეცდომებს არ უშვებს. ხალხს ქუჩაში აღარ ხოცავენ, ციხეში აღარ აწამებენ, ადამიანის უფლებები დაცულია; მაგრამ ამ არჩევნებზე ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ახალი ხალხი და ნამდვილი პროფესიონალები," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.