ისეთ მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, რომ მას ვერც ერთი პირის ჩართულობა თუ ჩაურთველობა პოლიტიკურ პროცესში ვერაფერს მოუტანს, მათ აქვთ თავიანთი 12%-იანი და 3%-იანი რეიტინგები და ამ ჩარჩოებში იქნებიან მოქცეული არჩევნებზე, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების შეფასება არის შესაბამისი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სამართლებრივი თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კანონის უხეშ დარღვევას ნიშნავს.
„ერთი ის, რომ, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და საარჩევნო კოდექსის თანახმად, არამოქალაქეს არა აქვს უფლება ჩაერთოს საარჩევნო სისტემაში და მეორე, ის არის უკრაინის საჯარო მოხელე. აქედან გამომდინარე, მისი ნებისმიერი ჩართულობა ორმაგად წინაააღმდეგობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან. ამ ფაქტით ბუნებრივია უნდა დაინტერესდნენ დამკვირვებლები, როგორც შიდა, ასე გარე დამკვირვებლები და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საარჩევნო ანგარიშებში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვალის დახუჭვა საქართველოს კანონმდებლობის ასეთ პირდაპირ დარღვევაზე. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ეს არაფერს შეცვლის საარჩევნო ლანდშაფტში“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.