მე არ ვარ უკრაინის მთავრობის წევრი ან რომელიმე სხვა თანამდებობის პირის ოფიციალური წარმომადგენელი და ამგვარად შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს, - ამის შესახებ Facebook-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რითაც ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებას უკრაინის ელჩის სამინისტროში დაბარების შესახებ.
„ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში, სადაც თურმე ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ყველა თავისი მოქალაქის და პიროვნების გამონათქვამები და დასაჯოს თუ რამე არ მოეწონება. სინამდვილეში იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი. მე არ ვარ უკრაინის მთავრობის წევრი ან რომელიმე სხვა თანამდებობის პირის ოფიციალური წარმომადგენელი. მე ვარ ეროვნული რეფორმათა საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე და ამგვარად შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს“, - წერს სააკაშვილი.
11 ივნისს დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ელჩისგან განმარტებებს მოითხოვს.