საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო დაიბარეს, საგარეო უწყებაში მივიდა. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინაროებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უკრაინის ელჩისგან განმარტებებს მოითხოვს. „სწორედ ამის გამო გამოვიწვიეთ ელჩი კონსულტაციებზე და ამის შესახებ ვაფრთხილებდით უკრაინელ კოლეგებს, რომ ეს ძებნილი ადამიანი, რომელიც ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, გააგრძელებდა ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამას არ ითვალისწინებს, ჩვენ გამოვთქვით წუხილი და გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები. სააკაშვილის ეს განცხადება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, არის უკრაინის მოქალაქის მხრიდან პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის საქმეებსა და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ამ თემაზე ჩვენ დავიბარებთ უკრაინის ელჩს და მოვთხოვთ განმარტებებს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა.
ამას წინ უძღოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ არ აპირებს „მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას“. მან ქართულ ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ ბრძოლის წინა ხაზზე თავადაც იქნება.