საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების გამორთვის და პირბადის აუცილებლობის რეკომენდაციები ძალაშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვენტილაცია-კონდიცირებასთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროპაში არაერთი დიდი კვლევა მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით ამ კვლევების შედეგებს. კერძოდ, ამ კვლევებს საინჟინრო კონდიცირების სპეციალობებთან დაკავშირებულები ასოციაციები ატარებენ. შესაბამისად, ვნახავთ, როგორი იქნება ეს შედეგები, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების გამორთვის და პირბადის აუცილებლობის რეკომენდაციები ძალაშია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 694 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. 4 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.