ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის განცხადება საარჩევნო კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა, თუმცა მისგან უფრო მძიმე დარღვევებს მიჩვეული ვართ

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის განცხადება საარჩევნო კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა, თუმცა მისგან უფრო მძიმე დარღვევებს მიჩვეული ვართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით უცხოელი და შიდა დამკვირვებლები დაინტერესდებიან და რეაგირებასაც მალე მოახდენენ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, „მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის საარჩევნო კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევა“.

„თუმცა, მიჩვეული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო მძიმედ არღვევს კანონს.

მას თავის ბიოგრაფიაში აქვს მძიმე კანონდარღვევები. კიდევ ერთი ფაქტია მხედველობაში მისაღები. კანონი მხოლოდ ამ მხრივ არ ირღვევა, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის, არამედ ის არის საჯარო მოსამსახურე უკრაინაში.

შესაბამისად, ორმაგი კანონდარღვევაა და ბუნებრივია, როგორც უცხოელი, ასევე შიდა დამკვირვებლები უნდა დაინტერესდნენ მისი განცხადებით და შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ. იმედი მაქვს, ასეთი რეაგირება მალე იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს „მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას“. მან ქართულ ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ ბრძოლის წინა ხაზზე თავადაც იქნება.