დონალდ ტრამპი: სიეტლი შიდა ტერორისტებმა დაიკავეს

დონალდ ტრამპი: სიეტლი შიდა ტერორისტებმა დაიკავეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონის შტატის ქალაქი სიეტლი, სადაც პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და რასობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, შიდა ტერორისტებმა დაიკავეს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი Twitter-ზე წერს.

„შიდა ტერორისტებმა დაიკავეს სიეტლი, რომელსაც, რა თქმა უნდა, რადიკალი მემარცხენე დემოკრატები მართავენ. ყველამ უნდა დაიცვას კანონი და წესრიგი“, - წერს ტრამპი.

მან ასევე გააკრიტიკა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ დემონსტრანტები ვაშინგტონის შტატის გუბერნატორს, ჯეი ინსლისა და სიეტლის მერს, ჯენი დერკანს დასცინიან.

„დაიბრუნეთ თქვენი ქალაქი. ეს საშიში ანარქისტები დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროთ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.