ავსტრიის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს

ავსტრიის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს

ზალცბურგის სასამართლომ ავსტრიის არმიის ყოფილ პოლკოვნიკს მარტინ მ.-ს რუსეთისთვის სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოს შემცველი ცნობების გადაცემისთვის სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ცნობით, პოლკოვნიკი თავს ავსტრიის პატრიოტად მიიჩნევს, დანაშაულს აღიარებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ სახელმწიფო საიდუმლოების პრინციპი არ დაურღვევია, რადგან მონაცემებს ღია წყაროებიდან იღებდა.

პოლკოვნიკი 2018 წლის ნოემბერში დააკავეს, შესაბამისად მან სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოიხადა, ამიტომ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

72 წლის კაცი რუსეთის სასარგებლოდ 20 წლის განმავლობაში ჯაშუშობდა. მისი საქმიანობის გამოაშკარავება პენსიაზე გასვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მომხდარის გამო გაუქმდა ავსტრიის საგარეო უწყების მინისტრის რუსეთში ვიზიტიც.