ჯო ბაიდენი: გუშინ პრეზიდენტს ხელში ბიბლია ეჭირა - ნეტავ, ერთხელ მაინც გაეხსნა იგი, რამეს მაინც ისწავლიდა

ჯო ბაიდენი: გუშინ პრეზიდენტს ხელში ბიბლია ეჭირა - ნეტავ, ერთხელ მაინც გაეხსნა იგი, რამეს მაინც ისწავლიდა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეკლესიასთან გამოჩენის გამო გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია.

1-ელ ივნისს თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი ქუჩაში გავიდა და დაცვისა და ჟურნალისტების თანხლებით წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა. ეს ეკლესია წინა ღამეს არეულობისას დემონსტრანტებმა დააზიანეს. ტრამპს ხელში ბიბლია ეჭირა. ეკლესიასთან მისვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა გვაქვს. მე მას კარგად და უსაფრთხოდ შევინარჩუნებ“.

„გუშინ წმინდა იოანეს ტაძართან პრეზიდენტს ხელში ბიბლია ეჭირა. ნეტა, ერთხელ მაინც გაეხსნა იგი. ბიბლია რომ გაეხსნა, რამეს ისწავლიდა. ერთმანეთი ისე უნდა გვიყვარდეს, როგორც ჩვენი თავი გვიყვარს. ეს რთული სამუშაოა, თუმცა ეს ამერიკის სამუშაოა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, არც ერთ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ მოქალაქეების ხმები ჩაახშოს.

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.