ნიუ-იორკში კომენდანტის საათი ერთი დღით გახანგრძლივდა

ნიუ-იორკში კომენდანტის საათი ერთი დღით გახანგრძლივდა

ნიუ იორკში კომენდანტის საათი ერთი დღით გაახანგრძლივეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე ნიუ იორკის მერი ბილ დე ბლაზიო ავრცელებს.

მისი თქმით, 2 ივნისს კომენდანტის საათში ძალაში ადგილობრივი დროით საღამოს, 20:00 საათიდან შევა.

„ამ აქციებს აქვს ძალა და შინაარსი, მაგრამ ღამის დადგომასთან ერთად ჩვენ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც აღვივებენ ძალადობას და ანადგურებენ კერძო საკუთრებას. ჩვენი პრიორიტეტი მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაა. ამიტომ მე გავახანგრძლივე კომენდანტის საათი. ის ნიუ იორკში საღამოს, 20:00 საათზე დაიწყება“, – წერს დე ბლაზიო.

აშშ-ში უკვე რამდენიმე დღეა, იმართება საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც პოლიციის მხრიდან რასიზმსა და ძალადობას აპროტესტებენ. აქციები 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.

გუშინ მშვიდობიანი აქციები კვლავ გაიმართა ნიუ იორკში, თუმცა, ღამით გავრცელდა ცნობა, რომ მოროდიორებმა გაძარცვეს რამდენიმე ცნობილი ბრენდის მაღაზია. მათ შორის იყო „როლექსის“, „ეფლის“ და „შანელის“ მაღაზიები, რომლებიც მეხუთე ავანიუზე მდებარეობს.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, მეგაპოლისში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძარცვისა და მოროდიორობის ბრალდებით 400 ადამიანი დააკავეს.