ტრამპი ამერიკელ სამხედროებს ამერიკელების წინააღმდეგ იყენებს – ჯო ბაიდენი

ტრამპი ამერიკელ სამხედროებს ამერიკელების წინააღმდეგ იყენებს – ჯო ბაიდენი

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკელების წინააღმდეგ სამხედროების გამოყენებაში დაადანაშაულა.

ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს.

„დონალდ ტრამპი ამერიკელ სამხედროებს ამერიკელების წინააღმდეგ იყენებს. მან მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნის სულისთვის ის უნდა დავამარცხოთ. თუმცა, ამას მხოლოდ ერთად გავაკეთებთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.