არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, ეს ქვები რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ნამდვილად ეყოფოდათ

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, ეს ქვები რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ნამდვილად ეყოფოდათ

პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერის მოსმენისას ოპოზიციისგან სოციალური დახმარების სისტემის რეფორმაზე მსჯელობის წამოწყებას ელოდა.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს გამოჩნდა, რომ ეს სფერო რეფორმას საჭიროებს და ის უფრო სამართლიანი უნდა გახდეს.

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთ საკითხად ის დაასახელა, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ფონდში შეგროვებული თანხა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია არც ამ თემით არ დაინტერესებულა და ერთადერთი რაც ოპოზიციამ მოიტანა, ეს იყო უტოპიური გეგმა, რომელსაც ერთი პარტიის შემთხვევაში ქვეყანა 6-მილიარდიან დეფიციტში გაჰყავდა, მეორე პარტიის შემთხვევაში - 8-მილიარდიანის, რაც ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყანა რომ ჩააბარო, ზუსტად თვენახევარში სახელმწიფოს კოლაფსი იქნება, ექიმებსა და მასწავლებებს ხელფასებს ვეღარ გადაუხდიან.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება და ეს არის ოპოზიციის გეგმაც.

„თქვენ მოისმინეთ ოპოზიციის ერთი საქმიანი კითხვა, ან ალტერნატიული გეგმა, რომ გახსნის გეგმა ასეთი კი არ უნდა იყოს, ისეთი უნდა იყოს?! საერთოდ არ უსაუბრიათ. მთელი ამ კოვიდ პანდემიის პერიოდში, ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, ეს ქვები რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ნამდვილად ეყოფოდათ. სამწუხაროდ ასეა. მათ აირჩიეს არასწორი ტაქტიკა - შეუტიეს საპენსიო ფონდს; კოვიდიდს ფონდს; ეკლესიას; იმ საქველმოქმედო დონაციას, რომელიც ადამიანებმა ამ ფონდში გააკეთეს. დეპუტატებმა გააკეთეს გადარიცხვები, პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გადარიცხა 100 მლნ და იმაზე კი არ იმსჯელეს, ეს რაში შეიძლება, დაიხარჯოს. პირდაპირ დაიწყეს, რომ ასეთი ფონდი არ არსებობს და ასეთი ჩარიცხვა არ ყოფილა - ეს იყო მათი ტაქტიკა და რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ ტაქტიკას ირჩევ, ეს მერე რეიტინგებზეც აისახება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.