საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა იყო, რომ ტყის კოდექსი ქვეყნის ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს, - განაცხადა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა გადაცემასთან „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას.
„ტყის კოდექსს, როგორც მსოფლიო ბანკის პატრონაჟით შედგენილ დოკუმენტს, ჩაუტარდა ე.წ. სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სიტუაციაზე ზემოქმედების შეფასება. ეს არის სავალდებულო დოკუმენტი და შეფასდა 98 მუხლიდან დაახლოებით 77 მუხლი“ - კარლო ამირგულაშვილმა.
„ტყის კოდექსის“ მთავარი სიახლე მდგრადი და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრებაა. ამ მხრივ დაგეგმილ ცვლილებებზე რეპორტაჟი გადაცემამ „ბიზნესი იმედზე“ მოამზადდა. ეს სიახლეებია:
უქმდება ტყის ფონდის ცნება და შემოდის FAO-სთან მისადაგებული ტყის განმარტება. იცვლება საკუთრების ფორმები. საქართველოს ტყე გააერთიანებს - სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში არსებულ ტყეებს და მათი რესურსების ერთობლიობას;
გაიზრდება რეგიონში დასაქმებულთა რაოდენობა. ხელი შეეწყობა რეგიონებში მიგრაციის პრობლემის მოგვარებას. მოგვარდება სატყეო დარგიდან პროფესიონალი კადრების გადინების პრობლემა;
მუნიციპალიტეტებში შეიქმნება საქმიანი ეზოები, შესაბამისად გაჩნდება ლეგალური წვდომა სამასალე და საშეშე მერქანზე; ე.წ „სოციალური ჭრა“ შეიცვლება სატყეო მეურნეობებით;
მკვიდრდება საერთაშორისოდ აღიარებული ტყეების ეროვნული აღრიცხვის და ტყის საინფორმაციო ერთიანი სისტემა, ასევე სავალდებულო ხდება ტყის მართვის 10 წლიანი გეგმების მიხედვით ტყით სარგებლობა, მოვლა და აღდგენა.