ბიძინა კულუმბეგოვი: ხშირად ვამბობთ, რომ ნიღაბი ფარსად გადაიქცა და ადამიანები ერთმანეთს უცვლიან, ნიღაბი პირველ რიგში სწორად უნდა გამოვიყენოთ

ბიძინა კულუმბეგოვი: ხშირად ვამბობთ, რომ ნიღაბი ფარსად გადაიქცა და ადამიანები ერთმანეთს უცვლიან, ნიღაბი პირველ რიგში სწორად უნდა გამოვიყენოთ

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, სატრანსპორტო ღონისძიებები და ჰიგიენის დაცვის ნორმები უნდა გამკაცრდეს.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში ადამიანების განლაგების სტრატეგია შეიცვალოს.

ამასთან, ალერგოლოგ-იმუნოლოგი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნიღაბი სწორად გამოიყენონ.

მისი განმარტებით, ნიღაბს აქვს ძალიან დიდი შემაკავებელი ეფექტი, პირველ რიგში, ის სწორად უნდა გამოვიყენოთ და ორ-სამ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს.

„ხშირად ვამბობთ, რომ ნიღაბი ფარსად გადაიქცა და ადამიანები ერთმანეთს უცვლიან, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამას ძალიან გულისყურით მოვეკიდოთ, რადგან ინფექციის განვითარების მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ვირუსი მოხვდება ჩემს ორგანიზმში. ნიღაბს აქვს ძალიან დიდი შემაკავებელი ეფექტი, პირველ რიგში, ის სწორად უნდა გამოვიყენოთ - ორ-სამ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს, შესაძლოა, ნაჭრის, კუსტარულ ნიღაბს რაღაც ვირუსის ნაწილი გაეპაროს, მაგრამ ვირუსის მცირე ნაწილს ორგანიზმის იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს და არ მისცემს მძიმე დაავადების განვითარების საშუალებას“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვპირველის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 600 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.