ირაკლი კობახიძე: ველოდებით საინტერესო დისკუსიას, რომელიც სამთავრობო გუნდის და პირადად პრემიერის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება

ირაკლი კობახიძე: ველოდებით საინტერესო დისკუსიას, რომელიც სამთავრობო გუნდის და პირადად პრემიერის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტში დღევანდელი დისკუსია სამთავრობო გუნდის და პირადად პრემიერის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რეგლამენტის შესაბამისად წარიმართება პროცედურა. ის ითვალისწინებს ჯერ კითხვის დასმას და შემდეგ გამოსვლებს; ან პასუხს და შემდეგ გამოსვლებს. ველოდებით საინტერესო დისკუსიას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დასრულდება სამთავრობო გუნდის და პირადად პრემიერის დამაჯერებელი გამარჯვებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, კითხვები ანტიკრიზისულ გეგმას შეეხება.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ დავუსვათ კითხვები ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და ის გულისხმობს გადასახადების შემცირებას; საპენსიო დანაზოგების დაბრუნებას; ბიუროკრატიული და ინფრასტრუქტურული ხარჯების შეკვეცას და ქვეყნის ეკონომიკის დროულად ამოქაჩვას“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ.