საქართველოს პანდემიით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად არსებული ეკონომიკური რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ პარლამენტში მოხსენებისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ქვეყანას აქვს შეზღუდული რესურსი და ჩვენი ამოცანა, როდესაც არ ვიცით მსოფლიოში ვერავინ აკეთებს ზუსტ პროგნოზს, ეს პანდემია რა პერიოდით გაგრძელდება, როდის იქნება ვაქცინა, იქნება მეორე ტალღა თუ არ იქნება, ჩვენ კი არა, ბევრად უფრო ძლიერი, სისტემური სახელმწიფოები ხან მეორე და ხან მესამე ტალღაზე საუბრობენ. და ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ერთადერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია გამოიყენოს უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნეთ. ჩვენ ვიყავით ყველგან იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას და საშუალებას“, - განაცხადა პრემიერმა.