ანრი ოხანაშვილი რომან გოცირიძეს: პოლიტიკურად გალაწუნებული ვინ დადიხართ, ჩანს თქვენი გადაწყვეტილებებიდან

ანრი ოხანაშვილი რომან გოცირიძეს: პოლიტიკურად გალაწუნებული ვინ დადიხართ, ჩანს თქვენი გადაწყვეტილებებიდან

„რაც შეეხება გალაწუნებას, მე თქვენ ამას არ გაკადრებთ, თუმცა,  პოლიტიკურად როგორ დადიხართ გალაწუნებული,  ჩანს თქვენი გადაწყვეტილებებიდან. თქვენ გუშინ გამობრძანდებით და ისაუბრებთ კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე, საღამოს კი,  კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტს. თქვენმა კოლეგამ თინა ბოკუჩავამ, ამას არ დაუჭირა მხარი. ჩამოყალიბდით, ხომ არ გაემიჯნეთ ერთმანეთს, სხვადასხვა პოზიციებს ხომ არ აფიქსირებთ, რომ ვიცოდეთ ჩვენც და ჩვენმა  საზოგადოებამაც", - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას.

ანრი ოხნაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას ურჩია ასეთი ტერმინოლოგიით არ ისაუბროს.

„თუ ქუჩაში გინდათ რომ გავიდეთ და საზოგადოებას ვკითხოთ აზრი, გთავაზობთ გავიაროთ ქუჩაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოგვიწევს ჩვენი საზოგადოების დამშვიდება და დაწყნარება იმისათვის, რომ რეაქციები არ ჰქონდეთ თქვენს ასეთი უტაქტო გამონათქვამებზე", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ აყვება სპეკულაციებს და გააგრძელებს საზოგადოების მნიშვნელოვანი საქმის კეთებას.

„ჩვენ კიდევ ბევრჯერ ჩავაბარებთ ტესტს იმაში, რომ დავიცვათ ეფექტიანად ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შესაბამისად, კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მაქსიმალურად დაბალანსებულია, თანაზომიერია, პროპორციულია და უზრუნველყოფს ერთ უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც შესაძლებელია თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი და ეს არის საზოგადოების ჯანმრთელობა. ამიტომ, მოეშვით პოლიტიკურ სპეკულაციებს.

რაც შეეხება შეკვეთებს ბატონო რომან, როგორც ჩანს თქვენ შეკვეთების რიტორიკას არ ცვლით. ბატონი მერაბიშვილი რას უკვეთავდა და რას იღებდით, ესეც კარგად ვიცით. განაჩენი რომ კანონიერ ძალაშია შესული როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად, ესეც ვიცით. თუ ამ რიტორიკით გააგრძელებთ და როგორც ჩანს აგრძელებთ სვლას, კიდევ დიდხანს დარჩება ეს განაჩენი ძალაში", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.​