თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგებისგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებაზე მითითება ჯერჯერობით არ მიუღიათ.
„ჯერ არ მოუწოდებიათ ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაეშვას საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დაიწყოს მუშაობა. როგორც კი დარგის სპეციალისტები მოგვცემენ მითითებებს, ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა და მუშაობა დაიწყება“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 721 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 485 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.