ამირან გამყრელიძე: გარკვეული შეზღუდვები დარჩება, ყოველ შემთხვევაში, ამ შემოდგომაზე ნამდვილად იქნება

ამირან გამყრელიძე: გარკვეული შეზღუდვები დარჩება, ყოველ შემთხვევაში, ამ შემოდგომაზე ნამდვილად იქნება

სლოგანი, რაც დღემდე გვქონდა, - „ დარჩი სახლში“ თანდათანობით შეიცვლება სლოგანით, რომ „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდხანს დარჩება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არავის სიამოვნებს პირბადით სიარული დაწესებულებებში, მაგრამ დაწესებულებებში და შეკრებების დროს პირბადის ტარება, ასევე სოციალური დისტანციის დაცვის გათვალისწინება დიდხანს დარჩება.

„ხომ ვიცავთ წესს სასურსათო მაღაზიებში შესვლისას, ძალიან კარგი იყო, რომ ამ წესს ჩვენი საზოგადოება იცავდა და იცავს. ახლა, უკვე თანდათან სხვა ტიპის მაღაზიები იხსნება. ჯერ არსად ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ვიცი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები გაიხსნა. როგორც ვიცი, იქაც ძალიან აქტიურად იცავენ წესებს, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ერთდროულად დახურულ სივრცეში, ადამიანებს შესვლისას უზომავენ ტემპერატურას, ხელები სანიტაიზერებით მუშავდება. შეიძლება, ეს არ გვსიამოვნებს, რადგან ესეც გარკვეული ტიპის შეზღუდვაა, მაგრამ ეს შეზღუდვები დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ამ შემოდგომაზე ნამდვილად იქნება, ვიცი. მერე კიდევ ვნახოთ. ამიტომ, შეზღუდვების მხრივ გარკვეული ღონისძიებები იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.