"ყველაზე მეტად ჩვენ გაგვიჭირდა" - ნახეთ რას ჩივიან ქართველი მომღერლები

პანდემიის ფონზე ქართული ესტრადის მომღერლები განაწყენებული არიან.

სტეფანე მღებრიშვილი ამბობს, რომ მუსიკოსებზე არასდროს არ ფიქრობენ.

„მუსიკოსებზე რატომ არ ფიქრობენ არასდროს...?  ყველა არეულობის დროს ეს პროფესია კარგავს აზრს, მაგრამ ესეთ ვითარებაში, სადაც ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს, არავის არ ადარდებს (გამონაკლისების გარდა). ეტყობა გონიათ, რომ სფერო რადგან გართობასთან არის დაკავშირებული, ჩვენ უდარდელი ცხოვრება გვაქვს. (ამ შემთხვევაში ჩემს თავს ნაკლებად ვგულისხმობ. დიდ პროექტზე ვმუშაობ). კოლეგების პრობლემები მადარდებს(არ გაგიკვირდებათ იმედია) და მერე ჩემი თავიც, თუ გავითვალისწინებთ ყველა მეცნიერის პროგნოზს, რომ 1 წელი მინიმუმ კონცერტი ვერ ჩატარდება)" - წერს სტეფანე მღებრიშვილი.

ლელა წურწუმიას თქმით, ყველაზე მეტად ხელოვანებს გაუჭირდათ.

„რა თქმა უნდა, ყველა რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ ყველაზე მეტად ხელოვანებს გაგვიჭირდა, რადგან ჩვენი საქმიანობა სწორედ ხალხმრავლობასა და მასიურ შეკრებებზეა დამოკიდებული.

იმედი მაქვს, ზაფხულში ბათუმში შევძლებთ საღამოების მოწყობას, სადაც ბევრად მეტი ღია სივრცეა და მსმენელიც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს", - თქვა „რადიო ფორტუნასთან" წურწუმიამ.

როგორც თემურ თათარაშვილი წერს, მათ 3 თვეა არანაირი კონცერტი არ ჰქონიათ.

„საინტერესოა ჩვენ მომღერლები რა კატეგორიაში გავდივართ, ვისაც არ გვქონდა ხელფასი? 3 თვეა არ გვქონია არანაირი კონცერტი და კიდევ რამდენი ხანი არ გვექნება ღმერთმა იცის? თუ ვინმემ იცით, გთხოვთ მომწეროთ", - წერს თათარაშვილი.