საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ოპოზიციას არჩევნები საერთოდ არ უნდა. მიუხედავად იმისა, რომ 30 თუ 31 პარტია შეგროვდა ერთად, პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანი აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ოპოზიციას არჩევნები საერთოდ არ უნდა. პერსპექტივა ძალიან რთული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ 30 თუ 31 პარტია და პოლიტიკური ფიგურები შეგროვდნენ ერთად, პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანი აქვთ და არასტაბილური შემადგენლობაა, რომელიც დღეს სხვადასხვა საკითხზე მსჯელობს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ რომ მიზეზის მოძებნა არ გაუჭირდათ, პოლიტიკური პატიმრების თემა დააყენეს. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობს, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერაა მიღებული, ვეთანხმებით თუ არა - ეს მეორე საკითხია. რაც შეეხება გიორგი რურუას თემას, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ვერც სასამართლოს და შემდეგ ვერც პრეზიდენტს ვერ უკარნახებს მთავრობა, პარლამენტი ან „ქართული ოცნება“, თუ როგორ უნდა მიუდგეს ამ საკითხს. ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის, საარჩევნო სისტემაზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე პაკეტი არის მზად და ველოდებით, რომ სხდომა ჩატარდება სრული შემადგენლობით“, - განაცხადა ვოლსკიმ.