სვენ მიქსერი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს ან ერთ კონკრეტულ პარტიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო კანონების ძირითად პრინციპებს

სვენ მიქსერი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს ან ერთ კონკრეტულ პარტიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო კანონების ძირითად პრინციპებს

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ევროპარლამენტში ძირითად პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ფართო კონსენსუსი არსებობს, როდესაც საქმე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ეხება. ასევე ფართო მხარდაჭერა გვაქვს, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ლეგიტიმურ ასპირაციას უფრო მჭიდროდ ინტეგრირდეს ევროკავშირში. თუმცა, ამ ძალისხმევის წარმატება განპირობებულია საქართველოს შესაძლებლობით განახორციელოს აუცილებელი რეფორმები - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ.

მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ძალიან დინამიური და ხანდახან ემოციურიც კი არის.

ბოლო წლების ტენდენცია ის არის, რომ ადგილი აქვს მზარდ პოლიტიკურ პოლარიზებას და მთავრობასა და ოპოზიციას შორის ნდობის მოშლას. პრეზიდენტი ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ოპოზიციის ორი პოლიტიკოსი, გზას უხსნის დაძაბულობის შემცირებას. თუმცა, სხვა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას, რამაც უნდა უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. მივიჩნევ, რომ პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა შეწყალებამ პოლიტიკურ ძალებს საშუალება უნდა მისცეს, წინ წავიდნენ 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკარგული დროის მიუხედავად, ჯერ კიდევ შესაძლებელია კონსტიტუციის შეცვლის პროცესის დასრულება. მნიშვნელოვანია, რომ საჭირო კანონმდებლობა მიღებული და იმპლემენტირებული იყოს დაყოვნების გარეშე“, - განაცხადა მიქსერმა.

მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ევროკავშირს გავლენა აქვს.

„ამიტომაც, აუცილებელია ვისაუბროთ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა, მაგრამ როდესაც ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირი, მნიშვნელოვანია ნათლად იყოს გაგებული, რომ მხარს არ ვუჭერთ ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს ან ერთ კონკრეტულ პარტიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო კანონების ძირითად პრინციპებს. უნდა აღვნიშნო, რომ რეფორმების გატარების ძალისხმევა საქართველოში იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია გარე ძალის მიერ. ამიტომაც უნდა განვაგრძოთ ოკუპაციის, მათ შორის ბორდერიზაციის, კიბერშეტევების დაგმობა“, - განაცხადა მიქსერმა.