ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი. საცოდაობაა ასეთ დროს, ასეთ ამინდში, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი რთული საყურებელია. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ. პირველ რიგში, ეს ეხება ტურიზმს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთის რეგიონში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებში, კახეთში სტუმარ-მასპინძლობის დარგში ბევრი კომპეტენცია დაგროვდა. „აშენდა ბევრი ახალი სასტუმრო, გაკეთდა ბევრი მარანი. ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი. ამიტომ ჩვენ მარტივ რაღაცას ვამბობთ, ყველა წესის დაცვით, რიგი ადგილები შეგვიძლია გამოვაცხადოთ კოვიდისგან სუფთა ზონებად“, - აღნიშნა გახარიამ.
მისი თქმით, არ არის საკმარისი, რომ საქართველო კარგად მართავს და უმკლავდება კოვიდის რისკებს, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ეს ყველას დაავიწყდება. „კორონავირუსის შემდეგ მსოფლიო სხვანაირი იქნება. შეიცვლება გლობალური კონკურენცია. ეს იქნება უფრო მძაფრი და ამისთვის მომზადებულები უნდა ვიყოთ. ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს გაურკვეველი დროით, ეს შეიძლება იყოს რამდენიმე თვე ან რამდენიმე წელი“, - აღნიშნა გახარიამ.