სოსო მანჯავიძე: „ ვიტყოდი კიდევ ორიოდე სიტყვას, მაგრამ ზარატუსტრა არ მაძლევს ნებას

სოსო მანჯავიძე: „ ვიტყოდი კიდევ ორიოდე სიტყვას, მაგრამ ზარატუსტრა არ მაძლევს ნებას"

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

„2015 წელს "ღირსების რევოლუციის" ერთ-ერთმა გმირმა, მაშინ პრემიერ-მინისტრმა იაცენიუკმა ვაშინგტონში კომპანია "ფრონტერასთან " საქართველოდან გაზის მიწოდებაზე მოაწერა ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებდა საგარეჯოს რაიონში ფრონტერას მიერ "აღმოჩენილი" გაზით უკრაინის მთლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. გაზის მიწოდების მარშრუტიც "შეადგინეს."

მწარე ხევიდან შავ ზღვამდე, სადაც ასევე "ფრონტერას" მიერ აშენებულ ქარხანაში გაზი დაიჭირხვნებოდა და მიეწოდებოდა რევოლუციურ უკრაინას.

ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ არსენი იაცენიუკი რამდენჯერმე გამოვიდა და საზეიმოდ განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე გადაწყვიტა გაზის საკითხი. (იხ. ვიდეო)

ყველაზე მოგებული ამ კომედიით კვლავ რუსეთი დარჩა, რომლის მასმედიაც დიდხანს და მწარედ დასცინოდა უკრაინის ხელისუფლებას.

ეს, ცხადია, პირველი არაა ამ ყოვლად ურცხვი, კოლონიზატორული ქედმაღლობით გაჟღენთილი კომპანიის საგმირო საქმეთაგან, რომელიც დაჟინებით ითხოვდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისაგან, რომ ამ უკანასკნელს ისე, ჰაერზე დაედასტურებინა მისთვის, რომ მან საქართველოში 500 მილიონი ინვესტიცია გააკეთა და მსოფლიო ენერგეტიკული რუკა შეცვალა.

და ეს მაშინ, როცა მთელი მისი მოპოვებული გაზი სოფელ იორმუღანლოს არ ყოფნის, ხოლო ნავთობმოპოვება ფაქტიურად მოკვდა.

როგორც იქნა, ამ მავნებლების გაშვების დრო დადგა და მათ საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს 3.5 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის ანაზღაურებაზე.

ყველაზე ამაზრზენი აქ ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ დაკავებული პოზიცია იყო.

ისინი სასოებით ელოდნენ, რომ "ფრონტერა" გაიმარჯვებდა.

ზოგი ფიქრობდა, რომ ეს მათ ხელისუფლებაში მოსვლას დააჩქარებდა, ზოგიც რესტორნის ძაღლის პოზაში ელოდა ხორცის ნაჭერს პატრონის ნასუფრალიდან.

"ფრონტერას" პრეტენზიები იმდენად აბსურდული იყო, რომ სტოკჰოლმის ტრიბუნალმა ისინი უარყო და საქართველომ ამ დავაში გაიმარჯვა.

ამას ტეხასელი სენატორების წერილი მოჰყვა. ისინი გაბრაზებულები არიან, თითქოს მონები გაძალიანდნენ და წუნწუხში ნებით ჩაყურყუმალავება არ უნდათ.

პატრონების წერილმა მეხუთე კოლონის აღფრთოვანება გამოიწვია.

მათი მთავარი პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ ხომ მისი არასაკმარისი და არათანამიმდევრული მონობაა.

უბრძანეს მიწების გაყიდვა უცხოელებზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე?- არ შესრულდა.

უბრძანეს ლგბტ პრაიდის ჩატარება?- ესეც არ შესრულდა.

უბრძანეს უკრაინაში ოფიციალური საჯარისო კონტინგენტის გაგზავნა?-არ შესრულდა.

უბრძანეს თვითმმართველობის რეფორმის ჩატარება, რომ ერთის მაგივრად ოთხი თვითმმართველი ერთეული გვყოლოდა -არ შესრულდა.

უბრძანეს რეგიონალურ ენათა ქარტიაზე მიერთება?-არ შესრულდა.

უბრძანეს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ნულოვანი ბარიერით?-გაუძალიანდნენ.

ამ და კიდევ ბევრ სხვა ინსტრუქციას ესენი შეასრულებენ გარეთ ხალისიანი კუდის ქიცინით და შიგნით კბილების ღრჭიალით, რის დემონსტრაციასაც განუწყვეტლივ ახდენენ.

უფრო ხალისიანი მონებია საჭირო, პატრონის სურვილებს რომ წამსვე გებულობენ.

ვიტყოდი კიდევ ორიოდე სიტყვას, მაგრამ ზარატუსტრა არ მაძლევს ნებას"- როგორც დაუვიწყარი ოსტაპი იტყოდა, რომელიც ნამდვილ წმინდანად გამოიყურება მისი დღევანდელი კოლეგების ფონზე.:

https://www.youtube.com/watch…