ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna Inc.-მა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავებაშია ჩართული, ადრეული დადებითი შედეგები გამოაცხადა. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, პაციენტებს დაავადების თავიდან ასაცილებლად ანტისხეულები გამოუმუშავდათ.
ვაქცინის ტესტირებაში 18-დან 55 წლამდე ასაკის 45 პაციენტი მონაწილეობს, რომლებსაც ექსპერიმენტული პრეპარატის 25, 100 ან 250 გრამის დოზა შეუყვანეს. ბუსტერ-დოზის მიღების შემდეგ ანტისხეულების დონე იმ პაციენტებში, რომლებმაც პრეპარატის 25 და 100 გრამის დოზა მიიღეს, ისეთივე ან უფრო დიდი იყო, როგორც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებში.
Moderna Inc.-ის აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ ბენსელის განცხადებით, შედეგები ამაზე უკეთესი არც კი შეიძლება ყოფილიყო. „ეს ძალიან კარგი ნიშანია, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ანტისხეულს ვაწარმოებთ, რომელსაც ვირუსის კვლავ წარმოების შეჩერება შეუძლია“, - განაცხადა მან.
კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ ექსპერიმენტული ვაქცინა, mRNA-1273 ზოგადად უსაფრთხო და კარგად გადამტანი აღმოჩნდა პაციენტებს შორის. შემდგომი ტესტირება ივლისში დაიწყება.