თუ რამე ბიოლოგიური წინაღობა არ შეიქმნა, ვაქცინა შეიქმნება და ის აუცილებლად ნებაყოფლობითი იქნება, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
„თუ მეც დავრწმუნდები იმაში, რომ ვაქცინა უსაფრთხო იქნება (დარწმუნებული ვარ ასეც იქნება), მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ადამიანურ, მარტივ ენაზე ყველას ავუხსნა, მე მივცე მაგალითი, რომ ის უსაფრთხო და კარგია. თუ რაიმეში ეჭვი შემეპარება, ამას ვიტყვით. მოსახლეობას ვაქცინის არ უნდა ეშინოდეს. აცრა იქნება ნებაყოფლობითი და ვისაც სურვილი ექნება ხარისხიან, კარგ ვაქცინას გაიკეთებს“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.
ქვეყანაში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.