ვინც ცოტა რამ მაინც იცის ქართული პოლიტიკის შესახებ, მშვენივრად ესმის, რომ ის ტერარიუმი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისშია შეკრებილი, არანაირ ერთობას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციაში შავი ჭირივით ვერ იტანენ ერთმანეთს.
„ეს ზუსტად ვიცი, რადგან მათ თითქმის ყველას ვიცნობ. არიან შემთხვევითი ადამიანებიც, მაგრამ ვი არის ძირითადი ბირთვი, ასე ვთქვათ, შუაში მსხდომი ადამიანები, ვისაც ჟარგონულად რომ ვთქვათ, პარადი მიჰყავთ, შუაში ზის ბურჯანაძე, პუტინის მეგობარი და გრიგოლ ვაშაძე, პუტინის თანამშრომელი. წარმოიდგინეთ, როგორი ვითარებაა, ერთ მახარეს ზის ბოკერია, რომელიც დასავლეთსა და ამერიკას „აწვება“, მეორე მხარეს ზის ვაშაძე და ასევე იქ ზის წარსული აჩრდილი, ასათიანი. ისინი ვერ გაერთიანდებიან ვერასდროს, იმდენად არიან ერთმანეთს აცდენილი მენტალობით თუ წარსულით“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ოპოზიციის ძირითად ნაწილს არაფერში არ სჭირდება არჩევნები, რადგან არანაირი აზრი მათთვის არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს.
„შეუძლებელია ამ ოპოზიციაში შეთანხმება მოხდეს, რადგან მათ ძირითად ნაწილს არაფერში არ სჭირდება არჩევნები. იქ არის რამდენიმე ჯგუფი, რომელსაც პატრონი ჰყავს გარეთ, რუსეთში, ამერიკაში, ევროპაში. დანარჩენები არიან უპატრონოები და ამათ გარშემო არიან შეკრებილები. 28 პარტიაა იქ შეკრებილი და აქედან 20 საერთოდ არ ვიცით ვინ არიან, მითუმეტეს, პარტია რომ არსებობს ასეთი არც გაგვიგია“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.