რატომ არ გაათავისუფლეს გიორგი რურუა გირაოთი – პროკურორის განმარტება

რატომ არ გაათავისუფლეს გიორგი რურუა გირაოთი – პროკურორის განმარტება

გიორგი რურუას საქმის პროკურორი, ვასილ სამხარაძე თვლის, რომ რურუას მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობს. როგორც იგი ამბობს, სწორედ ამიტომ მიიღო სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება.

„აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ იმსჯელა ბოლოს 27 აპრილს და დატოვა გიორგი რურუა პატიმრობაში დღესაც აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის საფუძველზე ისევ იმსჯელა და კვლავაც დატოვა ძალაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ არ არის რაიმე ახალი შემამსუბუქებელი  გარემოება ბრალდებულის მიმართ. მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კვლავ არსებობს.

რაც შეეხება მოწმეებს, ბრალდების მხარეს უკვე დაკითხული ჰყავს 15 მოწმე, ხოლო 24 კვლავაც დასაკითხია. შესაბამისად ამ მოცემულობიდან კვლავ დასაკითხია  მოწმეების უმეტესობა და მათზე ზემოქმედების საფრთხე კვლავ არსებობს.

სასამართლომ მოცემული გარემოების მსჯელობისას ჩათვალა, რომ ეს საფრთხეები რეალურია“,- აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი